26 თებერვალი 1012
–რას ხედავ ამ სურათზე?
–რავიცი, ვიღაც გოგოები “ქართული ოცნების” გაზეთებს არიგებენ.
–ერთი სიტყვით შეგიძლია მითხრა რა აქტია ასახული სურათზე?
–ალბათ, ინფორმირება, ან პროპაგანდა…
–დანაშაული?
–რა დანაშაული?
–ცუდია, საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა რომ არ იცი. აი რას ამბობს სამართლის კოდექსის 1641–ე მუხლს:
ამომრჩევლის მოსყიდვა
პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.
პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა, 3 წლით თავისუფლება აღგეკვეთოს.
თუ “ქართული ოცნების” გაზეთს ჩავთვლით საჩუქრად(და მას მიზერული, მაგრამ მაინც, რაღაც ღირებულება გააჩნია), მაშინ მართლაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურათზე კანონდარღვევის ფაქტია ასახული.
–ეს როგორ?
–ყველაფერი დეკემბერში დაიწყო. მაშინ ზოგი ახალ წელს ელოდებოდა, ზოგი თოვლს, ზოგი კი საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებდა. ახალი წელი მოვიდა, საახალწლოდ თოვლი – არა. სამაგიეროდ, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებები განხორციელდა. როგორც ცვლილებების ავტორები განმარტავენ, ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ ფულმა არ გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. სინამდვილეში კი ახალმა კანონებმა მარტო პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არ შეზღუდეს.
ამ ცვლილებების მიხედვით პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულობების სახით 500,000 ლარზე მეტის მიღება. მას ასევე ეკრძალება თითოეული პირისგან 60,000 ლარზე მეტი თანხის ოდენობის დონაციის აღება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მაგალითად, მავანმა გადაწყვიტა, რომ შემოწირულობა გაუკეთოს რამდენიმე პარტიას ერთად და თანხა ჯერ შალვას, შემდეგ მალხაზს და გუბაზს გადაურიცხა. მალხაზი და გუბაზი ცუდ დღეში ჩავარდებიან. მათ შემოწირულობაზე ათჯერ მეტი თანხის ოდენობის ჯარიმას დააკისრებენ, ვინაიდან კანონიერად მხოლოდ შალვასთვის გადარიცხული თანხაა და შემდგომი შემოწირულობები სხვა პარტიებისთვის – უკანონო.
არანაკლებ საინტერესოა ყადაღასთან დაკავშირებული კანონები. საქართველოს კონტროლის პალატას შეუძლია პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას, საბანკო ანგარიშებს დაადოს ყადაღა იმ უბრალო მიზეზით, რომ მან ღიად მოუწოდა ვინმეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისკენ. თანაც, ეს ყადაღა უვადოა და გასაჩივრების შემთხვევაში არ იხსნება. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ასეთ ადამიანთან შედარებით კრიმინალი, რეკეტიორი, ნარკომოვაჭრე და ძმანი მათნი უკეთეს პირობებში არიან. მათ ქონებას ყადაღას სასამართლო ადებს(რაც თავიანთი ინტერესების დაცვის საშუალებას აძლევს). თანაც, ისინი ჩვეულებრივ ახსნიან ყადაღას, თუ დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდიან. იმ ადამიანს კი, რომელმაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი დაარღვია, ასეთი შესაძლებლობები არ აქვს.
–ახლა ყველაფერი გასაგებია. ესე იგი მე ყველანაირად უნდა მოვერიდო რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობას, პოლიტიკური განცხადებების კეთებას და პარტიების აგიტატორებს კარი არ გავუღო, რადგან შეიძლება დანაშაული ჩავიდინო.
–ზუსტადაც. შენ სახლში უნდა იჯდე და გარეთ ცხვირი არ უნდა გაყო. მაგრამ…. არის მეორე ვარიანტიც. შენ შეგიძლია შემოუერთდე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეიდასაშუალებების მიერ წამოწყებულ კამპანიას “ეს შენ გეხება” და გააპროტესტო უსამართლობა.