არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია
”არჩევნის თავისუფლებისათვის”
ზოგადი შეფასება
საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2011 წლის ბიუჯეტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ცალსახად ეტყობა საარჩევნო წლის კვალი. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, სადაც სხვადასხვა აქტივობების სახით ხელისუფლების ხარჯვითი პოლიტიკაა მოცემული. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გვხვდება ზოგიერთი ისეთი ხარჯი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ. შესაძლოა, ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გასაზრდელად იქნას მიჩნეული და რამაც. შესაძლოა, ხელისუფლებას დამატებით საარჩევნო ხმები მოუტანოს.
ზემოაღნიშნულის დადგენა და ანალიზი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც საბიუჯეტო ხარჯები დეტალურად და გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი. აქ იგულისხმება ხარჯების დეტალურად გაწერა დასაფინანსებელი ღონისძიებების და მიმართულებების მიხედვით. საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არადამაკმაყოფილებელია და 2011 წელთან შედარებით ხარჯების დეტალიზაცია ფორმალურ მხარედაა ქცეული. თუ 2011 წლის ბიუჯეტში 3000-მდე სხვადასხვა სახის დეტალური ჩანაწერი იყო, 2012 წლის ბიუჯეტში კი 1500-მდეა შემცირებული. პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენილი პროექტი კი მხოლოდ ზოგად ღონისძიებებზე იძლევა ინფორმაციას და კონკრეტული პროგრამების დაფინანსების მოცულობა არ ჩანს. 2011 წელს ცალ-ცალკე არსებული ზოგიერთი პროგრამა 2012 წლისთვის გამსხვილებულია და მხოლოდ ერთი ციფრით არის წარმოდგენილი.
საბიუჯეტო საკითხებში გარკვეული და საარჩევნო ტექნოლოგიებს დაუფლებული ხელისუფლება ოსტატურად ცდილობს ბიუჯეტში გადამალოს ისეთი ხარჯები, რომელთა აშკარად გამოჩენა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნეოდა. 2012 წლის ბიუჯეტი არ შეიცავს ინფორმაციას წინა წლის ხარჯების შესახებ, რათა არასაარჩევნო 2011 და საარჩევნო 2012 წლის ხარჯების შედარება გართულდეს. მიუხედავად ამ სირთულისა, 2011 წლის ბიუჯეტისა და 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის შედარებით ნათლად ჩანს ის „ოინები“, რაც 2012 წელს ხელისუფლებისთვის მთავარი ინსტრუმენტი იქნება საარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად.
არჩევნებთან დაკავშირებულიი საინტერესო ხარჯები
არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდის მაგალითად შეგვიძლია რეგიონული ინფრასტრუქტურის დაფინანსება მოვიყვანოთ, რომლის დიდი ნაწილიც უცხოეთიდან მოზიდული კრედიტებით ფინანსდება (193 მლნ ლარიდან 153 მლნ). მათ შორისაა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რომელიც 2011 წელთან შედარებით თითქმის 6-ჯერ იზრდება და 4/5 კრედიტებით ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი „კოზირია“ ხელისუფლების ხელში, რადგანაც ხილული აქტივი იქმნება, სხვადასხვა ობიექტს ხელისუფლების წარმომადგენლები ხსნიან (ხშირად ამ საზეიმო გახსნებს მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები ესწრებიან და ეს ღონისძიებები, როგორც წესი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შუქდება).
2012 წლისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოცულობა 10 მლნ ლარით გაიზარდა და 50 მლნ ლარი შეადგინა. ამ პროგრამით ძირითადად ადგილობრივი (სოფლის) საჭიროებები ფინანსდება. ასევე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა გასამმაგდა და 297 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ხარჯები, ერთი მხრივ, რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ხმარდება, მაგრამ მეორე მხრივ, ამგვარი ღონისძიებები მმართველი პარტიისთვის საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.
2012 წელს იზრდება სხვადასხვა სახის სოციალურ დაცვაზე მიმართული ხარჯების მოცულობა, მ.შ. საპენსიო უზრუნველყოფაზე გასაწევი ხარჯები, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა პროგრამები. კერძოდ, 2012 წლის 1 სექტემბრიდან იზრდება პენსიის მოცულობები სხვადასხვა ასაკის პენსიონრებზე და მისი მოცულობა გახდება 125 და 140 ლარი. შესაბამისად, პენსიების მოცულობა 907.8 მლნ ლარიდან 1072.5 მლნ ლარამდე იზრდება. 2012 წლის 1 სექტემბრიდან ასევე დაფინანსდება „სოციალურ პაკეტში“ შემავალი ფულადი გასაცემლები, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაადგენს. კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და როგორც ჩანს, „წინასაარჩევნო სიურპრიზი“ იქნება.
2012 წელს ასევე იზრდება სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროგრამების დაფინანსებაზე მიმართული ხარჯების მოცულობა, რაც ჯამურად 25 მლნ ლარს აღემატება. მათ შორისაა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია, რომელიც გულისხმობს სანერგე და სასაწყობე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას. ასევე იზრდება მევენახეობა-მეღვინაობაზე გასაწევი ხარჯების მოცულობა, რაც ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში - შემოდგომაზე დაიხარჯება.
2012 წლისთვის საქართველოს პრეზედენტის და მთავრობის ფონდები, თითოეული კვლავაც 50 მლნ ლარით არის განსაზღვრული. ფონდების მოცულობა არ იზრდება, მაგრამ ხარჯვის მანკიერი მექანიზმები პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეს ნიშნავს იმას, რომ წარსული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტის და მთავრობის სურვილისამებრ ამ ფონდებიდან, ძირითადად, ამომრჩევლების არაპირდაპირ მოსყიდვაზე ორიენტირებული ღონისძიებები დაფინანსდება.
2012 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებები, უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. ლიმიტის გაზრდის მსგავსი პრინციპი წინა წლების მსგავსად კვლავაც გრძელდება, თუმცა, გვაქვს გარკვეული ცვლილებებიც. წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინაასაარჩევნოდ დამატებით დაქირავებული პერსონალის შრომის ანაზღაურება სწორედ ამ ხარჯებიდან მოხდება.
სხვა საინტერესო ხარჯები და ფაქტები
2012 წლის ბიუჯეტში ასევე გვხვდება ისეთი გაურკვეველი ხარჯი, როგორიცაა სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობა - 10 მლნ ლარით. მსგავსი ხარჯები წინა წელს არ იყო გათვალისწინებული. ასევე, 500 ათასი ლარით განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების ფონდის მოცულობა. არც ეს პროგრამა ფინანსდებოდა წინა წლებში.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა და გაურკვეველია, მთავრობა ამ ხარჯებს საიდან დააფინანსებს: საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რომლის ინიცირებაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 2012 წლის 27 იანვარს მოახდინა.
მნიშვნელოვანია და არჩევნებს უკავშირდება ის გარემოებაც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტების პროგრამული ფორმით მომზადების პრინციპი. ამით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დაარღვია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის #284 განკარგულება, რომელიც მას ამ სახის ბიუწეტის დამტკიცებას ავალდებულებდა. საკითხის გარკვევის მიზნით გაგზავნილ ჩვენს მიმართვაზე (წერილზე) ფინანსთა სამინისტრო უკვე ექვს თვეზე მეტია დუმს, რაც იმას მოწმობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტების გამჭვირვალობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეეწირა. სხვა შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვათ პასუხი.
ცესკო-ს დაფინანსება
ცესკო-ს დაფინანსების გაზრდა ობიექტური გარემოებაა. 2011 წელს არსებული 12.4 მლნ ლარიდან 2012 წელს ამ უწყების ხარჯები 39.6 მლნ ლარამდე იზრდება.განსაკუთრებით იზრდება არჩევების ჩატარების ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ხარჯები (სულ 26.9 მლნ), რომლებიც უნდა მოხმარდეს საარჩევნო სიების მონიტორინგს, არჩევნების ფინანსურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, სარეკლამო კამპანიის წარმართვას და მედია-მონიტორინგს. ეს ის ღონისძიებებია, რომელთა გარეშეც არჩევნების ორგანიზება შეუძლებელია. თუმცა, ამ ხარჯების ეფექტიანობაზე მნიშვნელოვანია ქმედითი საზოგადოებრივი კონტროლი (მონიტორინგი).
მოკლე დასკვნა
დაბოლოს, როცა ხელისუფლება გრძელვადიან ეფექტზე გათვლილ აქტივობებს აფინანსებს და საზოგადოების დაკვეთას ასრულებს, ამ დროს საარჩევნო და არასაარჩევნო წლის ხარჯები მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ხარჯებით უნდა განსხვავდებოდეს. 2012 წლის ბიუჯეტი ამ პრინციპით ნამდვილად არ არის აგებული და მნიშვნელოვანწილად მმართველი პარტიის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება.
იხილეთ დოკუმენტის PDF ვერსია