logoეს შენ გეხება

esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ფიქრები & ჩანაწერები იგივე, ბლოგები
შორენა შავერდაშვილის ბლოგი

 

14 თებერვალი, 2012

 

 

http://liberali.ge/blog/shorena-shaverdashvili/es-c

 

 

 

იმისათვის, რომ დაიცვა შენი გამოხატვის თავისუფლება, შეიძლება, ახლადმიღებული კანონების მთელი წყების დარღვევა მოგიწიოს. ეს იმიტომ, რომ დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ, კონსტიტუციურ უფლებებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

 

გუშინ დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული კამპანია "ეს შენ გეხება!", რომელიც ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება და ხელისუფლებას კანონების შეცვლისაკენ მოუწოდებს.

 

"ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:

  • ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებასგამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას;
  • მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;
  • განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას;
  • სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;
  • აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში;" - წერია განცხადებაში.

გუშინვე, 13 თებერვალს, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე, მაინა კიაიმ შუალედური მოხსენება გააკეთა. იმდენად კრიტიკული და კატეგორიულია მისი შეფასებები ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომ შეშფოთებას იწვევს.

 

აქვეა რამდენიმე ფრაგმენტი და ციტატა "ლიბერალის" სტატიიდან:

 

,,საქართველოში ზოგადად არსებული დადებითი ტრაექტორია, შესაძლოა, კატასტროფული  აღმოჩნდეს და მოდერნიზების ფოკუსი ფართოდ გავრცელებული შიშის, დაშინებისა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა თვითნებური შეზღუდვისაკენ წაიყვანოს."

 

,,საქართველო იმყოფება კრიტიკულ ზღვარზე, როცა ან შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას გაუმჯობესებისაკენ, ან ქვეყანა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უკან დაიწევს."

 

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი ,,მთლიანობაში ახდენს უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას და, ჩანს, საგრძნობლად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს."

 

,,ვშიშობ, რომ აღნიშნული შეზღუდვები იმისთვის შემოიღეს, რომ ხელი შეეშალოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი პროტესტის გზით  გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარების შემთხვევაშიც კი, მოსახლეობის მიერ საპროტესტო აქციებით უკმაყოფილების გამოხატვის შეზღუდვა  გამუდმებულად ვერ აიხსნება მეზობელი მტრული სახელმწიფოს ინტერესებით".

 

განცხადებები განცხადებებად და კამპანია - კამპანიად რომ არ დარჩეს და რეალურ შედეგამდე მივიდეთ, ანუ ამ აბსურდული კანონების შეცვლას მივაღწიოთ, საჭიროა იმოქმედოს "სამოქალაქო საზოგდოებამ", თუ ასეთი არსებობს.

 

შეფასებები ცალსახაა, როგორც შინ, ისე გარეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ კანონებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმად იყენებს და საკანონმდებლო ცვლილებები, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რომელიმე  კომერციულ ბანკსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ეხება. ეს კანონები გვეხება ჩვენ, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახალი კანონების ფონზე, მხოლოდ იმიტომ შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში, რომ ღიად გამოხატა პროტესტი ან პოლიტიკური სიმპატია.

 

ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენივე პასუხისმგებლობაა. მათ დასაცავად ციდან არავინ ჩამოფრინდება.

 

საინტერესოა, ეყოფათ თუ არა თვითორგანიზებისა და მობილიზების უნარი სხვადასხვა სამოქალაქო ინტერესთა ჯგუფებს იმისათვის, რომ ეს კამპანია რეალობად აქციონ?

 

p.s. კონკრეტული მაგალითებისათვის, თუ როგორ გეხებათ ეს თქვენ, იხილეთ ეს ლინკი