რა სახის ღონისძიებები ჩაატარეთ კამპანიის ფარგლებში?
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.
კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებში" შეტანილი უსამართლო ცვლილებების შეცვლას ითვალისწინებდა.
23 თებერვალს კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე.
1 და 14 მარტს გაიმართა საკანონმდებლო წინადადებათა ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრები, სადაც არასამთავრობოთა ინიციატივები განიხილეს. მოლაპარაკებები შედგა - კანონპროექტის ავტორები და საკანონმდებლო ორგანო ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ.
11 მაისს საქართველოს პარლამენტმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა, იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, მას საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. პრეზიდენტს ამისთვის 10 დღის ვადა აქვს. შესაბამისად, ხელმოწერის ვადა 21 მაისს დასრულდება.
გარდა ამისა, 2 მარტს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საკუთარი წინადადებები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.
9 მარტს კამპანიის წევრმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე.
7 მაისს "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი წარუდგინეს. წინადადებები "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებსა და მედია გარემოს გაუმჯობესებას ეხება. ამავე დღეს, პარლამენტის ბიურომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადებების განხილვა დაავალა.
17 მაისს კამპანიის წევრებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.
უახლოეს მომავალში დაიწყება საკანონმდებლო წინადადებების პარლამენტის შესაბამის კომიტეტში განხილვა.
წარმომადგენლობების ან ოფისების გახსნა თუ იგეგმება?
„ეს შენ გეხება“ არის სამოქალაქო მოძრაობა, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია. კამპანიის აქტიური მონაწილეები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია და სხვები, რომელთაც საქართველოს რეგიონებში აქვთ ოფისები. თუ გსურთ, აქტიურად ჩაერთოთ კამპანიაში, დაუკავშირდით ამ ორგანიზაციების რეგიონულ წარმომადგენლობებს.
გარდა ამისა, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ კამპანიის ფარგლებში გეგმავს საქართველოს რეგიონებში აქტიურ მუშაობას, იგეგმება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან შეხვედრები. თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ საქმეში.
ამასთან, თქვენ, აგრეთვე, შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე, ბლოკის - „შემოგვიერთდით“ - მეშვეობით დარეგისტრირდეთ მხარდამჭერად და ჩვენ მუდმივად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას კამპანიის შესახებ.
მიმართეთ თუ არა საკონსტიტუციო (ან რომელიმე სხვა საერთაშორისო, მაგ. სტრასბურგის) სასამართლოს ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით?
ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით ვცდილობდით კანონის შეცვლას და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვაც განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი გზა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის შეცვლისა. შესაბამისი სარჩელიც მზად გვქონდა, თუმცა, ვინაიდან კანონი სასწრაფოდ უნდა შეცვლილიყო, ხოლო როგორც საკონსტიტუციო, ისე სტრასბურგის სასამართლოებში სასამართლო განხილვა გრძელვადიანი პროცედურაა, პრიორიტეტად ავირჩიეთ საკანონმდებლო ინიციატივის შეტანა პარლამენტში. დღეისათვის ჩვენსა და პარლამენტს შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით უკვე უყარა კენჭი კანონპროექტს. ველოდებით მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრას. საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში უახლოეს დროში უნდა შევიდეს.
როგორ შეიძლება, რომ ეს კანონები გააუქმონ? რა უნდა გააკეთოს ხალხმა, რომ კანონი შეიცვალოს?
ჩვენი კამპანია სწორედ ხალხის აქტიურობით კანონის შეცვლას ისახავდა მიზნად. საზოგადოების მობილიზებამ, თოთოეული ადამიანის მხარდაჭერამ, პეტიციაზე ხელმოწერამ, სხვადასხვა აქციებში ხალხის აქტიურმა ჩართვამ პოზიტიური გავლენა იქონია პროცესის წარმართვაზე და გაზარდა შანსი, რომ კანონი მალე შეიცვალოს.
ძალიან მაინტერესებს, როდის ჩაირთვება მე-9 არხი. გთხოვთ, მიპასუხოთ.
კამპანია „ეს შენ გეხება“ არ უკავშირდება არც ერთ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ როდის ჩაირთვება ტელეკომპანია მე-9 არხი.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კამპანიამ შედეგს მიაღწია, ხომ?
დიახ, ამ ეტაპზე კამპანიამ პირველ შედეგს მიაღწია. 1. იცვლება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი (იხილეთ დღეს არსებული კანონისა და მიღწეული შეთანხმების შედარებითი ანალიზი). 2. საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლები წინასაარჩევნო პერიოდზე დასაკვირვებლად. თუმცა, მხოლოდ ეს ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში, ამიტომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის ჩვენი მუშაობა გრძელდება.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან გამოგზავნილი უწყებით დაბარებული ვარ ახსნა-განმარტების მისაცემად. იქვე აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება კანონით. გთხოვთ განმიმარტოთ რომ არ მივიდე ახსნა-განმარტების მისაცემად, ან უარი ვთქვა ახსნა-განმარტების მიცემაზე დავისჯები თუ არა?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან გამოგზავნილი უწყებით დაბარებული ვარ ახსნა-განმარტების მისაცემად. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ჩვენება, არ ვიცი არაფერი ახსნა-განმარტების შესახებ, არ ვიცი განსხვავება ჩვენებასა და ახსნა-განმარტებას შორის. გთხოვთ მითხრათ რა განსხვავებაა ჩვენებასა და ახსნა-განმარტებას შორის?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ახსნა-განმარტებას იძლევა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, მოწმე კი იძლევა ჩვენებას. მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ან ცრუ ჩვენების მიცემა დასჯადი ქმედებაა, ადმინისტრაციულ პასიხისგებაში მიცემული პირის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან არასწორი ახსნა-განმარტების მიცემა არ არის დანაშაული და არ ისჯება. ამდენად თქვენ, როგორც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება გაქვთ უარი თქვათ ახსნა-განმარტების მიცემაზე და ამისათვის კანონი სასჯელს არ ითვალისწინებს.
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გამომიგზავნა უწყება, რომელშიც არ არის მითითებული რა სტატუსით მიბარებენ, მხოლოდ აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მაქვს რამდენიმე უფლება. შეიძლება თუ არა ამ მუხლის მიხედვით განმიმარტოთ ჩემი სტატუსი?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლი შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს და მის უფლება-მოვალეობებს, ამდენად თქვენ გაქვთ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი/ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის და არა მოწმის სტატუსი.
ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტმა დედაჩემს ფინანსური დახმარება აღუთქვა პარტიის სახელზე წერილობითი მიმართვის საფუძველზე. პრობლემა ხომ არ შეექმნება ამით დედაჩემს?
პოლიტიკური პარტიისადმი ასეთი მოთხოვნის შემთხვევაშიც კი მომთხოვნი შესაძლოა დააპატიმრონ. მაგალითად, თუ თქვენს ნათესავს რომელიმე პარტიის წარმომადგენელი პარტიის სახელზე თხოვნის წერილის დაწერის სანაცვლოდ ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დაფარვას ჰირდება, ასეთი განცხადების დაწერაც კი შესაძლოა თქვენი ახლობლის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი გახდეს.
ვარ ბიზნესმენი. ამ კანონიდან გამომდინარე, რა შემთხვევაში შეუძლია კონტროლის პალატას ჩაერიოს ჩემს საქმიანობაში?
პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისკენ მოწოდება შესაძლოა კონტროლის პალატის მიერ თქვენი ან კომპანიის ქონების დაყადაღების საფუძველი გახდეს. მაგალითად, თუ თქვენ მხარს უჭერთ რომელიმე პარტიას, კონტროლის პალატამ შესაძლოა ჩაგთვალოთ პარტიასთან დაკავშირებულად და სასამართლოში მიმართვის გარეშე დაგიყადაღოთ ქონება.
ასეთი შეზღუდვა შეიძლება დაგიწესდეთ იმ შემთხვევაშიც, თუ მაგალითად, თქვენ არ მოგწონთ რომელიმე პოლიტიკური ძალა და სხვასაც მოუწოდებთ ამის შესახებ.
მე ვარ ერთ-ერთი კერძო კომპანიის მესაკუთრე. თუ მე რომელიმე პარტიას ვუჭერ მხარს, შემექმნება ამით რამე პრობლემა?
პოლიტიკური სიმპატიის გამოხატვამ, შესაძლოა თქვენი საქმიანობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. მაგალითად, თუ თქვენ ხართ რომელიმე ბიზნესკომპანიის მფლობელი და თანამშრომლებს განუცხადეთ, რომ მხარს უჭერთ ამა თუ იმ პარტიას და მიგაჩნიათ, რომ ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა ხელს შეუწყობს თქვენი ბიზნესის განვითარებას, ასეთი მოწოდება საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიას აეკრძალოს კომერციული საქმიანობა, კრედიტების აღება, 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მიღება და ა. შ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი კომპანია ვეღარ იქნება კომერციული ორგანიზაცია და მოგიწევთ ბიზნესის დახურვა.
მე ვმუშაობ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. რა შეიძლება გახედეს ჩემთვის სამსახურის დაკარგვის საფუძველი?
თუ თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააფიქსირებს პოზიციას, რომ მას რომელიმე პოლიტიკური ფიგურა/ძალა არ მოსწონს, მიაჩნია, რომ მისი ადგილი ხელისუფლებაში არ არის და ამის შესახებ თქვენც მოგიწოდებთ, ორგანიზაციაზე შეიძლება გავრცელდეს პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები. რადგანაც კანონი პარტიებს გრანტის მიღებას უკრძალავს, თქვენს ორგანიზაციას შესაძლოა შეუწყდეს დაფინანსება დონორებისგან, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ძირითადი წყაროა.
ამ კანონის მიხედვით რა შემთხვევაში შეიძლება დამაპატიმრონ?
პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების გამო თქვენ შეიძლება 3 წლით დაგაპატიმრონ. მაგალითად, თუ თქვენს სამეზობლოს ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ესტუმრება და მეზობლებს საჩუქრებს დაგირიგებთ, მათი მიღება შესაძლოა თქვენთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთის საფუძველი გახდეს. თავისუფლების აღკვეთის სანქცია მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არა თუ მიიღებთ, არამედ სთხოვთ დახმარებას (მაგალითად: სასწრაფო ოპერაციისთცის ან სხვა რაიმე გადაუდებელი საქმისთვის) პოლიტიკურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ პირს
თუ ეს კანონი ცუდია, ის პრობლემას შეუქმნის ყველას, მათ შორის მმართველ პარტიასაც. მაშინ რატომ შეუძლია მმართველ პარტიას, რომ დახმარება გაუწიოს მოსახლეობას, ოპოზიციურ პარტიებს კი არა?
ამ კანონმდებლობის ძირითადი პრობლემა სწორედ არათანაბარი პირობებია პოლიტიკური პარტიებისთვის. მმართველი პარტია, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს განკარგავს, ანუ იყენებს ადმინისტრაციული რესურსებს, რაზეც მათ ხელი მიუწვდებათ. მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ტრადიცია განუსაზღვრელად დიდ უპირატესობას უქმნის მას. თუ, მაგალითად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეხვდებიან თქვენს სამეზობლოს, მოისმენენ მათ პრობლემებს (გადაუხურავი სახლები, მოუასფალტებელი ეზო, წყლის ან კანალიზაციის პრობლემები, ა.შ.) და მათი წასვლის შემდგომ, თუნდაც ამ პარტიის სახელის ხსენების გარეშე, რომელიმე კომპანია დაიწყებს ამ პრობლემების მოგვარებას თქვენს ეზოში, ეს კომპანია ჩაითველბა პარტიასთან დაკავშირებულად და შესაბამისი ზომები განხორციელდება ამ კომპანიისა და თავად პარტიის მიმართ.
თუმცა, ამ შემთხვევისგან განსხვავებით, თუ მმართველი პარტიის კანდიდატს, თქვენს სამეზობლოში სტუმრობისა და თქვენი პრობლემების მოსმენის შემდეგ, მოჰყვება ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია და ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე შეეცდება თქვენი ეზოს პრობლემების მოგვარებას, ეს სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილად ჩაითვლება და უფრო მეტიც, ამ ფაქტის მიმართ ყურადღების გამახვილება ხელისუფლების რიტორიკულ კითხვასაც კი გამოიწვევს: უნდა შევწვიტოთ საქმის კეთება წინასაარჩევნო პერიოდში?