კამპანია "ეს შენ გეხება" სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელიც პირველად 2012 წლის თებერვალში დაიწყო. კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები და მოქალაქეები არ გამოხატავენ არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს და არ არიან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების გამტარებლები.
2012 წელს კამპანიის მიზანი იყო მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება. მაშინ, ეს მიზანი მიღწეულ იქნა, რაც 2012 წლის არჩევნებმაც დაადასტურა.
კამპანია ხელმეორედ განახლდა 2014 წელს, ამჯერად ფარული მოსმენისა და მიყურადების წინააღმდეგ. კამპანიის მიზანი მაშინაც იყო და დღესაც არის ფარული მიყურადების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას ასევე, ისეთი მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს გამოიძიებს
2015 წლის 15 აპრილს, კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრმა ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის პირდაპირი წვდომა სატელეფონო საუბრებსა და ინტერნეკომუნიკაციაზე ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მეთექვსმეტე და მეოცე მუხლებით გარანტირებულ პირადი ცხოვრების უფლებას, რასაც2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა.
კამპანია კვლავ გააქტიურდა 2016 წლის მარტიდან, ფარული ჩანაწერების გავრცელების და ამ ფორმით პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოების წევრების შანტაჟის წინააღმდეგ.
სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს.